გამყრელიძე მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს, ბილბორდებზე საკუთარი აცრის ფოტოები გამოაკრან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, კორონავირუსის ვაქცინებზე აცრები წაახალისონ. ამ საკითხზე მან ვებინარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთავარი სლოგანი უნდა იყოს, რომ ყველა უნდა ავიცრათ. ამაზე გადის ქვეყნის განვითარების გზა, ეკონომიკური განვითარების, ჩვენი თავისუფლების და ეს არის ახლა მთავარი. ყველა პოლიტიკოსის ბანერს მივაწერდი - ერთად წავიდეთ და ავიცრათ და მოვუწოდებდი ყველა კანდიდატს, თავისი აცრის ფოტოებიც ბანერებზე გამოაკრან. [წინასაარჩევნო] შეხვედრები აცრაზე წასვლის მოწოდებით დაიწყონ", - თქვა მან.
თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება პარტიებს დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ნაწილობრივი შეზღუდვების ფონზე უწევთ. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავისი ამომრჩეველი აცრის საჭიროებაში დაარწმუნოს - "ევროპული საქართველო", "ლელო" და "დროა" მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობენ. "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები ამბობენ, რომ დაეხმარებიან მსურველებს ვაქცინაციაში.
3 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28,8%. სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15,3%.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 86 კოვიდინფიცირებული.