მელიას თქმით, ივანიშვილი ვერ მოიგებს, არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი რომ იყოს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ თბილისში მერის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება. მან ამ საკითხზე "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
"ბიძინა ივანიშვილი ახლა თბილისის მერობის კანდიდატი რომ იყოს, მოიგებდა?!. როგორ მოიგებდა, ადამიანი, რომელსაც... თქვენ გინდა გვითხრათ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ვინც ამ ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრობს, ეთანხმება იმას, რომ გავხდეთ რუსეთის გუბერნია?.." - ამბობს მელია.
წამყვანის კითხვაზე, რა მოხდება, თუ მმართველი პარტია გაიმარჯვებს, მელიამ ასე უპასუხა:
"თუებით არ ვილაპარაკოთ... თუ იგებს, სხვა სახელმწიფო იქნება, არ იქნება სახელმწიფო დამოუკიდებელი, ეს არის ჩემი რწმენა".
იმის მიუხედავად, რომ მელია დარწმუნებულია მეორე ტურის ჩატარებაში, მან არ უპასუხა წამყვანის კითხვას პარტიული კვლევით უსწრებს თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატს, კახა კალაძეს.
მელიამ საუბრის დროს თქვა, რომ კახა კალაძესაც დაამარცხებს და ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასაც, რომელიც ასევე იყრის მერად კენჭს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, რადგან "შარლ მიშელის შეთანხმების" მიხედვით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა და შემდეგ დატოვა, გათვალისწინებული იყო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტს ვერ აიღებდა.