გახარიას თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ დაიშლება
თბილისის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში ილაპარაკა „ქართული ოცნების“ მომავალზე.
„ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნების შემდეგ, ჩვენ „ოცნებას“, როგორიც არის, ვეღარ ვიხილავთ. დაიშლება“, - განაცხადა გახარიამ და დაამატა - „როდესაც მმართველ ძალას არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ ღირსეულად, შესაბამისად მართოს ქვეყანა, მეორე მხრივ, ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ ღირსეული ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ახალი სტატუს-კვო დადგება. ამ „ოცნებაში“, რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული ადამიანია. მთავარი რაც არის, „ოცნებამ“ დაკარგა იმ იდეალებთან ბმა, რითაც დაიწყო. მაშინ იდეალი იყო, კარგ, წარმატებულ საქართველოზე, დღეს - ძალაუფლების შენარჩუნება“.
გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს კალაძე წააგებს თუ მოიგებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.