გაეროს ანგარიშის თანახმად, რუსმა დაქირავებულმა მეომრებმა ლიბიაში ომის დანაშაული ჩაიდინეს
ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ, მათ შორის, რუსეთის დაქირავებულმა მეომრებმა, კონფლიქტში მონაწილეობის დროს ჩაიდინეს ადამიანის უფლების უამრავი დარღვევა, რომელთა ნაწილი შეიძლება შეფასდეს როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
ამ დასკვნას აკეთებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს დავალებით მიავლინეს ლიბიაში.
ანგარიშს ხუთშაბათს წარადგენენ ჟენევაში, ხოლო მისი ძირითადი შინაარსი 4 ოქტომბერს გავრცელდა.
ავტორებმა შეადგინეს ასევე სია იმ პირებისა, ვინც პასუხისგებაში იქნება მიცემული ჩადენილი დანაშაულის გამო, მაგრამ სია ჯერ საიდუმლოა.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის დაქირავებული მეომრები, ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ წევრები, რომლებიც ლიბიაში კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს იბრძოდნენ, ჩანს, სჩადიოდნენ ომის დანაშაულს, სხვათა შორის ხვრეტდნენ ტყვეებს.
ამასთან ისინი დებდნენ ნაღმებს, რომლებზეც შემდეგ ფეთქდებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დანაღმული ადგილების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა ნახაზი, რომელიც, ჩანს, „ვაგნერის“ მებრძოლებმა დატოვეს უკან დახევის დროს. ამის თაობაზე ადრე ბრიტანეთის პრესაც იტყობინებოდა.
ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ტყვეების წამება და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა, გამოძიების თანახმად, სჩადიოდნენ დაპირისპირებული ორი მხარის მეომრები, ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით, რომლის მხარეს იბრძოდნენ რუსი დაქირავებულები და საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის რაზმებიც. სამოქალაქო ომი ლიბიაში დაიწყო 2011 წელს, თავიდან ამ ქვეყნის ხანგრძლივი მმართველის, მუამარ ყადაფის წინააღმდეგ აჯანყების ფონზე, ხოლო მისი დამხობის შემდეგ - უკვე მის მოწინააღმდეგეებს შორის.
ახლა ქვეყანაში მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შექმნილია დროებითი მთავრობა. დეკემბერში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.
მოსკოვი უარყოფს, რომ ლიბიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ რუსი დაქირავებულები. ამ დროს არაერთი მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ ისინი, სულ მცირე, იქ იმყოფებოდნენ და ჰაფთარის ჯარს უჭერდნენ მხარს.