ოსური და აფხაზური შეიარაღებული ძალები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
19-20 ოქტომბერს სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები იგეგმება ოკუპირებულ აფხაზეთში. მასში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, თავდაცვის მინისტრმა იბრაჰიმ გასეევმა მიიღო აფხაზი კოლეგის ვლადიმერ ანუასგან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მოწვევა.
გასეევის ბრძანების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეიქმნება ოპერატიული ჯგუფი და კონსოლდირებული ქვედანაყოფი, რომელშიც შევლენ სპეციალური დანიშნულების და მოტომსროლელთა ბატალიონები. იბრაჰიმ გასეევმა განმარტა, რომ წვრთნებში ჩართული იქნება აფხაზეთის ჯარების ყველა დანაყოფი, მათ შორის ავიაცია და საზღვაო ძალები. ანუას მიერ გასეევისთვის გაგზავნილ მიწვევაში ნათქვამია, რომ სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო სწავლება დაგეგმა აფხაზეთის არმიის სარდლობამ ორი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთა შორის შეთანხმების საფუძველზე.
ვლადიმერ ანუამ გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი სამხედრო სწავლება დადებითად აისახება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო და ოპერატიული მზადყოფნის დონეზე, რაც უზრუნველყოფს ორი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას სათანადო დონეზე. - წერია ოსური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებული რეგიონების თავდაცვის ძალების ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში ე.წ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2009 წელს გაფორმდა.