გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან დასრულდა
მოქალაქეებს სიტყვით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ მიმართეს. ყოფილი პრეზიდენტის დედის სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რომელიც იბრძვის რათა აღდგეს საქართველოში სამართლიანობა. "ჩემი შვილი იმიტომ შიმშილობს, რომ ეს ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად მათი აზრის განსხვავებულობისა, პარტიული კუთვნილებისა, იყოს ბედნიერი ამ თავის პატარა, ლამაზ ქვეყანაში. და მე გისურვებთ, რომ ასეთ ქვეყანაში იცხოვროთ თქვენ", - აღნიშნა გიული ალასანიამ.
ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე აქცია დააანონსა.
“იმდენი უნდა შევიკრიბოთ როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ” ,- თქვა მან. მისი სიტყვებით, ეს იქნება ღია აქცია და ეპატიჟებიან ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა სურს ხალხს. ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო კომისიების დახმარებით გააყალბა არჩევნები, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას პირველივე ტურში ჰქონდა მოგებული”.
"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ და „დროას“ წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში საპროტესტო მდუმარე მსვლელობა ენმ-ის პარტიის ოფისიდან საოლქო საარჩევნო კომისიამდე მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მიუხედავად მდუმარების მოწოდებისა აქციის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებენ მიშა! მიშა!