40-მდე ოჯახი პრევენციის მიზნით გაიყვანეს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის გასწვრივ მდებარე მრავალბინიანი სახლიდან
40-მდე ოჯახმა პრევენციის მიზნით დატოვა საცხოვრებელი სახლი ბათუმში, მემედ აბაშიძის #56-ში (პირველი სადარბაზო). შენობა მდებარეობს 8 ოქტომბერს ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის გასწვრივ.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, კორპუსის ეს ნაწილი საჭიროებს გამოკვლევას, რადგან საყრდენ ბოძებზე გარკვეული სამუშაოებია დაწყებული. ამიტომ, მათ პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს, რომ მოქალაქეებს სახლები დაეტოვებინათ.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა დაადგინა შეუსაბამო სამუშაოები სადარბაზოს პირველ სართულზე.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ გვითხრა, რომ ორშაბათს, 18 ოქტომბერს დადგინდება, საჭიროებს თუ არა კორპუსის ეს ნაწილი გამაგრებას.
ბათუმში 8 ოქტომბერს მრავალსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოიშალა. ნგრევამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1 გადარჩენილი კლინიკაში მკურნალობს.
ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.