აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოშია
საქართველოს ეწვია აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ოსტინმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების ერთგულია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოიდ ოსტინს დახვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. საელჩოს თანახმად, ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ლოიდ ოსტინი განიხილავენ თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ხელი მოწერება შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ლოიდ ოსტინი ეწვევა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას დაესწრება.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.