სააკაშვილის გამო ციხესთან სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხი განიხილება
![სააკაშვილის გამო ციხესთან სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხი განიხილება](https://gdb.rferl.org/d0de5279-b553-4cda-8097-7c5b17010d3c_cx0_cy11_cw0_w800_h450.jpg)
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ილაპარაკა განხილული საკითხების შესახებ. როგორც ის ამბობს, ექიმები სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას იძლევიან.
„ზოგადად ვიტყვი, დეტალებზე არ ვისაუბრებ, ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით, ანალიზების და სხვადასხვა მაჩვენებლების მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არის შიმშილობის მე-19 დღე, უკვე ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მდგომარეობის გართულება. ამიტომ, ისინი პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილს თანხმობა არ აქვს გაცემული", - თქვა სახალხო დამცველმა.
ყოფილი პრეზიდენტის თანხმობის მიღებამდე, მონიტორინგის ჯგუფი სხვა ნაბიჯებსაც განიხილავს.
„ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ, სანამ ის [სააკაშვილი] განაცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ გაეწიოს მას სამედიცინო დახმარება თუკი მდგომაროება გართულდება", - აღნიშნა ლომჯარიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.