ზურაბ მეძველია: აჰა, დაპირებული ფოტოები … რობერტ რედფორდი შვილებთან ერთად თბილისში, 1988 წელი
0
“აჰა, დაპირებული ფოტოები, რომლებმაც ვერის ერთ-ერთ ავტოფარეხში 28-წლიანი უქმად გდების შემდეგ იხილეს მზის შუქი – რობერტ რედფორდი შვილებთან ერთად თბილისში, 1988 წელი. აქამდე ამ სტუმრობის მხოლოდ სამიოდ ფოტო მქონდა ნანახი.
ელდარ შენგელაია იხსენებს:
“წავიყვანე პურის სახლში. მაშინ იქ ბევრი თონე იდგა, პურს აცხობდნენ. რედფორდს თონე ისე მოეწონა, თვითონ მოინდომა პურის ჩაკვრა. გადაეყუდა თონეში, კინაღამ ჩავარდა შიგნით, ფეხებით მეჭირა. ამის მერე მცხეთაში წავიყვანე, ჯვრის მონასტერი ვაჩვენე. ბუნების მოყვარული ყოფილა. იქ ჩემთვის გაუგებარი მცენარეები და ყვავილები აღმოაჩინა, უი, ესეც ხარობს აქო? ამბობდა. სხვათა შორის, სანამ მცხეთაში წავიდოდით, „დეზერტირის ბაზარში“ გავიარეთ, მინდოდა, მისთვის ქართული ბაზარი მეჩვენებინა. რედფორდი სუნელების დახლს მიადგა, ყველაფერი უნდა ვიყიდოო, მითხრა. მართლაც ერთი პატარა ტომარა გაავსო. ფულის გადახდის დრო რომ დადგა, სუნელების გამყიდველმა მითხრა: ამ კაცს უთხარი, რომ სუნელს ვჩუქნი, მაგისგან ფულს არ ავიღებო. გაგიჟდა რედფორდი სუნელების გამყიდველი ქალის საქციელზე, სულ „თენქ“, „თენქ“, – იძახა. ამერიკაში სუნელების შეტანა არ შეიძლებოდა, მაგრამ თავისი თვითმფრინავით იყო და შეიტანდა იმ სუნელს, აბა, რას იზამდა? მცხეთაში ხინკალიც ვაჭამეთ და ხაჭაპურიც. თანმხლები პირები ყველაფრის ჭამის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ თვითონ მაინც ყველაფერს ჭამდა. ფოტოს გადაღებაც არ შეიძლებოდა მისთვის, ჩუმად იღებდნენ ჩვენი ფოტოგრაფები. მერე უთხრა თანმხლებ პირებს: თავი დამანებეთო”.
Robert Redford in Tbilisi, 1988,” – წერს სოციალურ ქსელში გაზეთ “სარბიელის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ზურაბ მეძველია.
![](http://news.ge/wp-content/uploads/2021/10/14714975_10210421243629939_5267127220235684032_o.jpg)
![](http://news.ge/wp-content/uploads/2021/10/14707967_10210421250150102_1190411396145182548_o.jpg)