ნოემბერში რუსეთი ევროპაში გაზის საცავების შევსება დაიწყებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ენერგოკომპანია „გაზპრომს“ განკარგულება გასცა, დაიწყოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის გაზის საცავებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთი დაასრულებს საკუთარი მარაგის შევსებას, რაც 8 ნოემბრამდე შეიძლება მოხდეს.
მსოფლიოში გაზის ფასები სარეკორდოდ გაიზარდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში. ამას ხელი შეუწყო მარაგების სიმცირემ და მოთხოვნილების სწრაფმა ზრდამ მას შემდეგ, რა ეკონომიკები გამოდის კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან.
ზოგიერთი ანალიტიკოსი და ევროპელი ოფიციალური პირი კონტინენტზე ენერგოკრიზისის გამწვავებაში სდებს ბრალს რუსეთს, რომელიც გაზით ევროპის ყველაზე დიდი მომმარაგებელია.
27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, პუტინმა უთხრა „გაზპრომის“ გენერალურ დირექტორს, ალექსეი მილერს, 8 ნოემბრამდე დაასრულოს რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება, შემდეგ კი „დაიწყოს გაზის მოცულობის თანდათანობით შევსება“ კომპანიის საცავებში ავსტრიასა და გერმანიაში.
რუსეთის ლიდერის თქმით, ეს გრაფიკი „გაზპრომს“ საშუალებას მისცემს შეასრულოს კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და გაზი მიაწოდოს ევროპელ პარტნიორებს.
ზამთრის სეზონის დაწყებას ევროპა გაზის მარაგების ყველაზე დაბალი დონით ხვდება თითქმის ათწლეულის განმავლობაში.
13 ოქტომბერს ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას პუტინმა დაიცვა ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის სფეროში რუსეთის სანდოობა და უკუაგდო ბრალდებები, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.