კალაძე 27 ოქტომბრის აქციაზე: ასეთი მუხტი, შემართება, ენთუზიაზმი 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის დღეს, 27 ოქტომბერს მათ მხარდამჭერ აქციაზე მისულ მოსახლეობას. "იმედის" ეთერში მან აქციაზე ისაუბრა და გააკრიტიკა ოპონენტები.
"მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამოსული იყო იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა დედაქალაქს... ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მუხტი, რაც იყო აქციაზე ამ ადამიანების მხრიდან. ბევრ აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2019 წელსაც გვქონდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ასეთი მუხტი, ასეთი შემართება, ასეთი ენთუზიაზმი მე არ მახსოვს და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური ტარდება, გავიმარჯვებთ...
ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება, კარგად ჩანს, თუ რა ძალა უპირისპირდება "ქართულ ოცნებას" და არამხოლოდ "ქართულ ოცნებას", სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ჩვენს ტრადიციას, ჩვენს კულტურას..." - თქვა კალაძემ.
დღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.