ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი იწყებს ვიზიტს უკრაინაში
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი 4 იანვარს იწყებს უკრაინაში ვიზიტს, რომელსაც აღიქვამენ ნიშნად ბლოკის მხარდაჭერისა კიევის მიმართ, იმ ფონზე, როცა უკრაინის საზღვართან იზრდება რუსეთის სამხედრო ძალა.
ბორელის სამდღიანი ვიზიტის პროგრამაშია შეჩერება აღმოსავლეთ უკრაინაში, კონტაქტის ხაზთან, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ძალებს ებრძვიან.
ევროპულმა კომისიამ ამ ვიზიტის შესახებ 3 იანვარს გამოაცხადა და თქვა, რომ ბორელი, აღმოსავლეთ უკრაინის მონახულების შემდეგ, კიევში გამართავს შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან.
დასავლეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა შესაძლოა მოასწავებდეს მზადებას პოტენციური შეჭრისთვის. აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირები 9-10 იანვარს ჟენევაში გამართავენ მოლაპარაკებას ამ კრიზისის შესახებ, იმ ფონზე, როცა მოსკოვმა ახლახან აშშ-ს და ნატოს ფართომასშტაბიანი მოთხოვნები წაუყენა უსაფრთხოების სფეროში. ამ შეხვედრას მოჰყვება სხვა მაღალი რანგის მოლაპარაკებები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის საკითხი განიხილა ნატოს აღმოსავლეთის სივრცის ცხრა წევრ სახელმწიფოსთან - იუწყებოდა სახელმწიფო დეპარტამენტი 3 იანვარს. ბლინკენმა და ბუქარესტის ცხრიანის (B9) სახელით ცნობილი ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან "დესტაბილიზაციის გამომწვევი სამხედრო ზრდა უკრაინის საზღვართან; მოკავშირეთა კოლექტიური თავდაცვისთვის ნატოს ერთიანი, მზაობაში მყოფი და პრინციპული პოზიციის საჭიროება; და საერთო ინტერესის საკითხებზე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა", - იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.