კობა გვენეტაძე: "რიცხვების წვალებაა", თითქოს, წლიური ინფლაცია 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "რიცხვების წვალებას" და მანიპულაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2021 წლის დეკემბერში ბოლო 26 წელში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა. საქსტატის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებულ მონაცემებს გვენეტაძე "ფეისბუკით" ეხმიანება.
მისი თქმით, წლიური ინფლაცია ითვლება არა მხოლოდ წლის ბოლოს - დეკემბერში, არამედ ნებისმიერ თვეს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარების შემთხვევაში.
"ინფლაციის სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან, რაც გაცილებით უარესია - მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა... ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არა მხოლოდ დეკემბერში... არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა", - წერს გვენეტაძე და დასძენს, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო 2006 წლის ივლისში ისევე, როგორც 2011 წლის მაისში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარსა და თებერვალში წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას წინმსწრებად ავრცელებდნენ.
"ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან უსვამდა ხაზს იმ მარტივ არითმეტიკულ ეფექტს, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდიას და მის შემდგომ გაუქმებას მოჰყვებოდა. შარშან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის არაერთ რელიზში აღგვინიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია მაღალი იქნებოდა და შემდეგ დაიწყებდა შემცირებას", - აღნიშნა მან.
2021 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, პროდუქტზე ფასები 13,9 პროცენტით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტზე, რომელზეც გასულ წელს ადამიანი 100 ლარს ხარჯავდა, ახლა 113,9 ლარის დახარჯვა უწევს.
გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალში მოხვდა კომუნალური გადასახადები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბოსტნეული და ხილი.
ყველაზე მეტად გაძვირდა:
კომბოსტო - 199,16%;
წყლის გადასახდელი - 77,37%;
ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 76,59%;
ელექტროენერგიის გადასახდელი - 65,64%;
ნაგვის გატანის გადასახდელი -58,09%;
ქლიავი - 51,46%;
ლურსმანი - 49,15%;
თერმომეტრი - 47,54%;
ბენზინი - 39,89%;
კვერცხი - 37,57%.
მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნულმა ბანკმა 100 ათასზე მეტ ადამიანს სესხის პროცენტი, მხოლოდ ბოლო ერთ წელში, 2,5 პროცენტით გაუძვირა.