ღარიბაშვილი ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს: სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი წინამძღოლი მიგვიძღვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. ღარიბაშვილი პატრიარქს ესტუმრა და მისალოცი ტექსტი "ფეისბუკითაც" გაავრცელა.
ილია მეორე დღეს, 4 იანვარს, 89 წლის გახდა. იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხეს.
"44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს", - ამბობს ღარიბაშვილი.
ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემაც.
"ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა", - წერს კობახიძე "ფეისბუკზე".