უკრაინის კულტურის მინისტრი Netflix-ს უჩივის უკრაინელების დამახინჯებულად წარმოჩენისთვის
უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ საჩივარი გაუგზავნა ვიდეოსტრიმინგის კომპანია Netflix-ს იმის გამო, რომ კომპანია თავის სერიალში „ემილი პარიზში“ უარყოფითად წარმოაჩენს უკრაინულ ხასიათს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტკაჩენკო წერს: „მოცემულია უკრაინელი ქალის კარიკატურული სურათი, რაც მიუღებელია. ეს ასევე შეურაცხმყოფელია. ასე ხედავენ უცხოეთში უკრაინელებს?“
უკრაინის მედია ადასტურებს, რომ ტკაჩენკომ წერილი გაუგზავნა Netflix-ს სერიალისთვის, რომელშიც უკრაინელ პეტრას როლს დარია პანჩენკო ასრულებს.
„ემილი პარიზში“ არის ამერიკელ ქალზე, ემილიზე, რომელიც პარიზში იწყებს მუშაობას და სწრაფად ხდება პოპულარული პიროვნება.
Netflix-ი ამავე ფილმისთვის სხვებმაც გააკრიტიკეს. როგორც ფრანგი კრიტიკოსი შარლ მარტინი წერს, „როცა უყურებ ‘ემილის პარიზში’, მასში უამრავი რამეა შეურაცხმყოფელი. როცა ჩვენი [ფრანგების] კარიკატურულად წარმოსახვა გადაწყვიტეს, ავტორებმა არაფრისგან დაიხიეს უკან... უარი არ თქვეს არცერთ კლიშეზე, ყველაზე უარესზეც კი“.
„ემილი პარიზში“ Netflix-ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, ის კომპანიის ათ ყველაზე პოპულარულ სერიალს შორისაა მსოფლიო მასშტაბით.
Netflix-ს უჩივის ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილიც. ის აცხადებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა. მოჭადრაკე Netflix-ისგან მოითხოვს ფულად კომპენსაციას და შეცდომის გასწორებას. მინისერიალში ნახსენებია, რომ მამაკაც მოჭადრაკეებს ნონა გაფრინდაშვილიც კი არ დაპირისპირებია, რაც სიმართლეს არ შეეფერება. გაფრინდაშვილი ასევე ასაჩივრებს იმას, რომ ის მოხსენიებულია რუს მოჭადრაკედ.