დონალდ ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს
![დონალდ ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს](https://gdb.rferl.org/A2CA3BD5-6037-47E7-9DBA-F2BDDE890E72_w800_h450.jpg)
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოახლოებულ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრს მან „ძლიერი ლიდერი“ უწოდა.
3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა დაწერა, რომ უნგრეთის ლიდერს მისი „სრული მხარდაჭერა“ აქვს არჩევნებში, რომელიც აპრილშია მოსალოდნელი.
ორბანმა „ძლიერი და საოცარი სამუშაო გაწია უნგრეთის დაცვაში, არალეგალური იმიგრაციის შეჩერებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ვაჭრობაში და მას ამის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს მოახლოებულ არჩევნებში“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, მეტად უჩვეულოა აშშ-ის ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან უცხო ქვეყნების არჩევნებში კანდიდატთა საჯარო მხარდაჭერა.
ორბანის კრიტიკოსთა თქმით, მისმა მმართველმა პარტია Fidesz-მა უნგრეთში დაანგრია დემოკრატიული ინსტიტუტები, მან ბოლო მოუღო სასამართლოს დამოუკიდებლობას და კონტროლს უწევს მედიას.
ორბანმა ასევე წამოიწყო კამპანია ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ. კრიტიკოსთა თანახმად, ეს ნაწილია მისი მცდელობისა, თავი წარმოაჩინოს ქრისტიანული ღირებულებების დამცველად დასავლური ლიბერალიზმისგან, რაც ასევე მოიცავს მკაცრ ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას.
2016 წელს ორბანი ევროპის კავშირის პირველი ლიდერი იყო, ვინც მხარი დაუჭირა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კანდიდატურას. მოგვიანებით ტრამპმა ორბანს თეთრ სახლში უმასპინძლა 2019 წელს. ორბანი ტრამპის კანდიდატურას უჭერდა მხარს ასევე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.