ბიბილოვმა ოკუპირებული რეგიონისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები დაასახელა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული რეგიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებს ახალი წლის დღეებში შეხვდა. ოსური მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მას მოსწავლეებმა ჰკითხეს, რა პროფესიები უნდა აირჩიონ, რომ სარგებელი მოუტანონ დე ფაქტო რესპუბლიკას. ბიბილოვმა ამ საკითხის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ მომავალი პროფესიის არჩევისას ახალგაზრდები სწორედ ასეთი მიდგომით იხელმძღვანელებენ.
„თითოეულ სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოთხოვნადია. ჯანდაცვის სექტორში - თერაპევტები, ქირურგები, სოფლის მეურნეობაში - აგრონომები, ვეტერინარები. ამ პროფესიების რეიტინგი დაბალია, მაგრამ სარგებელი მაღალია. და რომ იყოთ სათანადო დონეზე, თქვენ გჭირდებათ სერიოზული ცოდნა. განათლების მიმართულებით გვჭირდება ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, მათემატიკოსები. ვინ ასწავლის ჩვენს შვილებს მომავალში, თუ არავინ აირჩევს მასწავლებლის პროფესიას“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მან აღნიშნა, რომ პრესტიჟული პროფესიების დევნაში მშობლები შვილებს აგზავნიან საბაჟო საქმის შესასწავლად. სამედიცინოზე კი სტომატოლოგიის მიმართულებით.
„ბევრი მშობელი, რომელიც შვილებს საბაჟო საქმის შესასწავლად აგზავნის, ამას მატერიალურ კეთილდღეობასთან აკავშირებს. 70-ზე ცოტა მეტი ადამიანი მუშაობს საბაჟოზე და ამჟამად დაახლოებით 50 სწავლობს ამ მიმართულებით. მე მაქვს შეკითხვა: „სად დავასაქმოთ ისინი. ამგვარად, ბევრი რჩება უმუშევარი“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.