აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა პუტინის წინააღმდეგ სანქციები მოამზადეს უკრაინაში შეჭრის შემთხვევისთვის
აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადეს იმ შემთხვევისთვის, თუკი მოსკოვი სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს უკრაინაში. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება. გაზეთის თანახმად, თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა დემოკრატების კანონპროექტს.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციასთანაა დაკავშირებული, რესპუბლიკელმა სენატორებმა მოამზადეს. დოკუმენტი ეხება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, რომელიც რუსეთიდან გერმანიამდე გადის ბალტიის ზღვის ფსკერზე.
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ არ არის დაშვებული ექსპლუატაციისთვის. ახლა მიმდინარეობს მისი სერტიფიცირების პროცესი, რასაც ჯერჯერობით იურიდიული წინაღობები უშლის ხელს. შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგებიან პროექტის რეალიზაციას. გერმანიასთან ურთიერთობები რომ არ გაიფუჭოს, ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი შეიკავოს სანქციებისგან, რომლებიც უშუალოდ შეეხებოდა გაზსადენს.
რუსეთი, გერმანია, ავსტრია და გაზსადენის სხვა მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ხასიათისაა.