ნურსულთან ნაზარბაევი, საქველმოქმედო ფონდების გზით, 8 მილიარდი დოლარის აქტივებს განკარგავს
ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, ფლობს სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაარსებული, მსგავსი სახელწოდებისა და გამჭვირვალე აღრიცხვას მოკლებულ ოთხ საქველმოქმედო ფონდშია აკუმულირებული, - ამის შესახებ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის (OCCRP) და ასევ გამოცემა „ვლასტისა“ (ყაზახეთი) და Kloop-ის (ყირგიზეთი) ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი.
საუბარია „ნაზარბაევის ფონდზე“, „ნურსულთან ნაზარბაევის ფონდზე“, „ელბასი ფონდსა“ და „დემეის ფონდზე“.
პირველი ორი ორგანიზაცია დაკავებულია საგანმანათლებლო, სოციალური და პატრიოტული პროექტების განხორციელებით და მათ ქება-დიდებას ასხამს ყაზახეთის საინფორმაციო საშუალებები. ხოლო ბოლო ორი ფონდი, OCCRP-ის თანახმად, არ ეწევა საჯარო საქმიანობას
ნაზარბაევის კონტროლის ქვეშ არსებული ქონების თაობაზე დასმულ შეკითხვებზე სამ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ჟურნალისტებს არ უპასუხეს. ერთში კი განაცხადეს, რომ აქტივებს არ მოაქვს მოგება, ვინაიდან ორგანიზაცია ყაზახეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებით არის დაკავებული.
ნაზარბაევი, რომელიც 2019 წელს გადადგომამდე სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ყაზახეთის ლიდერი, მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებდა გასულ კვირამდე, როცა მისმა შემცვლელმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მისგან გადაიბარა ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა, ძალადობრივი არეულობის ფონზე. 81 წლის ყოფილი ლიდერი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც 4 იანვარს ქვეყანაში მღელვარება დაიწყო, მის შესახებ ტოყაევის მიერ გამოთქმულმა კრიტიკულმა შენიშვნებმა კი გააღრმავა ვარაუდები ყაზახეთის პოლიტიკურ წრეებში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის შესახებ.
ტოყაევმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ სურს ნაზარბაევთან დაკავშირებულმა პირებმა თავიანთი სიმდიდრე მოსახლეობას გაუყონ, ახალ საქველმოქმედო ფონდში რეგულარული შენატანების სახით.
ამ ფონზე ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახის ორი წევრი სახელმწიფოს ნავთობის და გაზის გადაზიდვის კომპანიების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გადადგა .