ჩეხეთის რესპუბლიკა და ნიდერლანდი მეტ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ უკრაინას
ჩეხეთის რესპუბლიკამ და ნიდერლანდმა 26 თებერვალს გამოაცხადეს, რომ მეტი სამხედრო დახმარების აღმოჩენას აპირებენ უკრაინისთვის, რომლის წინააღმდეგაც ფართო მასშტაბის არაპროვოცირებულ იერიშს აწარმოებს რუსეთი.
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ის დაუყოვნებლივ გზავნის ტყვიამფრქვევებს, ავტომატებს, შაშხანებს, პისტოლეტებსა და ტყვია-წამალს. ამ შეიარაღების საერთო ღირებულება 8,6 მილიონი დოლარია.
სამინისტროს თქმით, იარაღს ჩაიტანს დანიშნულების ადგილზე, რომელსაც უკრაინის მხარე განსაზღვრავს.
ჩეხეთის რესპუბლიკამ ადრე უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას აჩუქოს 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების 4000 საარტილერიო ჭურვი.
შაბათს ნიდერლანდმაც გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს 200 ანტისაჰაერო რაკეტა Stinger-ს.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის თხოვნის შემდეგ იქნა მიღებული. Stinger-ი არის ხმელეთი-ჰაერის კლასის იარაღი, რომლის გამოყენებაც შეიძლება თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგ.
ნიდერლანდი გასულ კვირაში უკვე დათანხმდა, რომ უკრაინას მიაწვდის იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის 100 სნაიპერულ შაშხანასა და ტყვია-წამალს, ასევე სარადარო მოწყობილობასა და ნაღმების დეტექტორებს.
ნიდერლანდის მთავრობის თანახმად, ამ ტვირთის ნაწილი 26 თებერვალს იგზავნება, დანარჩენი კი - როგორც კი ზოგიერთი ლოგისტიკური საკითხი მოგვარდება.