პესკოვი: უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებაზე, რუსეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ უარი თქვა კონფლიქტის მოგვარების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებაზე და რომ მოსკოვის სამხედრო ოპერაცია, რომელიც „25 თებერვალს შეჩერდა“, კვლავ გრძელდება.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, შეწყვეტილიყო უკრაინაში შეჭრა მას შემდეგ, რაც კიევი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარემ საბოლოოდ უარი თქვა მოლაპარაკებებზე, ამიტომ რუსეთის ჯარების წინსვლა გეგმის მიხედვით გრძელდება.
კიევს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი მოლაპარაკებების თაობაზე კრემლის განცხადების შესახებ.
პარასკევს საღამოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ კიევი განაგრძობს კონსულტაციებს რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ. პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, შეხვედრა მინსკში გამართოს. ამასთან, კრემლი მოითხოვს ყირიმის ანექსიისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების ცნობას. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ საეჭვოა, მოლაპარაკებების წარმოება შეიძლებოდეს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომელსაც მან „ნეონაცისტები და ნარკომანები“ უწოდა.
ისრაელში უკრაინის ელჩის, ევჰენ კორნეიჩუკის თქმით, პარასკევს ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს სთხოვა, შუამავალი იყოს რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის, უკრაინის მხრიდან.