გერმანიის საელჩომ განმარტა, G7-ის ქვეყნების მინისტერიალს, რატომ ესწრებოდნენ უკრაინის, მოლდოვის და ინდონეზიის წარმომადგენლები
საქართველოში გერმანიის საელჩომ რადიო თავისუფლებას ამ საკითხის შესახებ განმარტება წერილობით აცნობა: „ინდონეზია დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და გვირჩიეს, რომ გერმანიის საელჩოსთვის მიგვემართა.
მინისტერიალზე საქართველოს არმიწვევა უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა: „არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. ეს სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ის ამ დაპირისპირებაში პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის ანუ, ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად". გიგა ბოკერიას შეფასებით, „დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე საქართველოს არმიწვევა არის „ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი".
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მინისტერიაალზე საქართველოს არმიწვევა კატასტროფად შეაფასა. „სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების კეთება დაიწყო. ვეკითხები საზოგადოებას, არის თუ არა ეს დიდი თავის ტკივილი და დიდი ტრაგედია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის?! სამწუხაროდ, დიახ! როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?! - გასაღები არის მატყუარა ოცნებების პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, რომელიც დასავლურ ინტეგრაციის გზას უფრო და უფრო გვაცილებს", - მიიჩნევს გიორგი ვაშაძე.
