დე ფაქტო საგარეო უწყებამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროექტი
დე ფაქტო სამინისტრომ „სარწმუნო მონაცემების დამალვად“ შეაფასა ის, რომ შესაბამის სააგენტოში წარდგენილ კითხვარში არასრული ინფორმაცია იყო მითითებული, რაც პროექტის/პროგრამის დასამტკიცებლად წარსადგენი წესების დარღვევად მიიჩნიეს. კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკმაყოფილოა პროექტის იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზი და ქართველი ახალგაზრდობის წარმომადგენლების ჩართვას კულტურათაშორის დიალოგში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების გზით მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში.
„მსგავსი ინიციატივები წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული მიზნებისა და ამოცანების ხელშეწყობისაკენ“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა 19 იანვარს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა. World Vision-ის, DRC-ისა (დანიის ლტოლვილთა საბჭო) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
