ჟურნალისტური გამოძიება: ხარკოვი კასეტური ბომბებით რუსი გენერლის ბრძანებით დაიბომბა
რუსეთის გენერალმა ალექსანდრ ჟურავლიოვმა, თებერვლის ბოლოს ჯარს უბრძანა, "სმერჩის" მოდელის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან კასეტური საბრძოლო მასალით დაებომბათ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი. ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს სარაკეტო დარტყმების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი აუფეთქებელი ჭურვების ფოტოები, გაესაუბრნენ ასევე ექსპერტებსა და იერიშების თვითმხილველებს.
საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა შეისწავლეს 2022 წლის 27-28 თებერვალს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ "სმერჩიდან" განხორციელებული 11 სარაკეტო იერიში და დაადგინეს, რომ ხარკოვს ბომბავდა მე-9 სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადა, რომელიც ამჟამად უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქშია დისლოცირებული.
გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ "სმერჩის" გამოყენების ბრძანების გაცემა შეეძლო მხოლოდ სამხედრო ოლქის სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ჟურავლიოვს. კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვეს CNN-ის თხოვნა კომენტარის მოცემაზე.
2016 წელს გენერალი ჟურავლიოვი სირიაში დისლოცირებულ რუსეთის არმიას სარდლობდა. გაეროს თანახმად, ჟურავლიოვის მეთაურობის დროს მკვეთრად გაიზარდა კასეტური ბომბებით განხორციელებული იერიშების რაოდენობა სირიის ქალაქ ალეპოზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა სირიაში კასეტური ჭურვების გამოყენებას, მაგრამ 2019 წელს აჩვენა ისინი იმ იარაღის გამოფენაზე, რომელსაც რუსი სამხედროები სირიაში საომარი მოქმედებების დროს იყენებდნენ.
კასეტური ბომბი არის საბრძოლო ელემენტებით სავსე კონტეინერი, რომელსაც აფეთქებისას შეუძლია დააზიანოს რამდენიმე საფეხბურთო მოედნის ზომის ფართობის ტერიტორია. 2010 წელს ძალაში შევიდა კასეტური ბომბების გამოყენების აკრძალვის კონვენცია. ხელშეკრულებას ხელი ასზე მეტმა სახელმწიფომ მოაწერა. უკრაინა და რუსეთი ხელშეკრულებას არ შეუერთდნენ.