უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის რუსულმა ადმინისტრაციამ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი გამოაცხადა
უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოაცხადა რეფერენდუმი რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ, რომელიც შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო "ტასი" იტყობინება.
ზაპოროჟიეს უმეტესობა, გარდა რეგიონის ამავე სახელობის დედაქალაქისა, რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. უკრაინის კანონით რეგიონული რეფერენდუმები სხვა ქვეყანასთან მიერთებაზე ანტიკონსტიტუციურია და კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამას განიხილავს, როგორც რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ანექსიას.
2014 წელს რუსეთმა იქ გამართული კენჭისყრის შედეგად ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიის ანექსია მოახდინა.
2022 წლის ინტერვენციის დასაწყისში კრემლმა განაცხადა, რომ ახალ ანექსიებს არ გეგმავს. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს რუსეთთან შესაძლო მიერთების პროცედურის გამოცხადება. ამაზე საუბარი დაიწყეს რუსეთის მაღალჩინოსნებმაც.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამორიცხა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში რუსეთისთვის ტერიტორიის რაიმე ნაწილის დათმობა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს.
„ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობს [სამშვიდობო] მოლაპარაკებები რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი მიმდინარე აგრესიის გამო“, - თქვა კულებამ.
ბრძოლის ველზე რუსეთის ჯარები რამდენიმე მცირე ქალაქზე არიან კონცენტრირებული დონეცკის ოლქში, უფრო მოზრდილი ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებთან. მათი მიზანია, მთლიანად ჩაიგდონ ხელში დონბასის ცენტრალური ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთში, იტყობინება დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.