გარდაიცვალა მწერალი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი გასტონ ბუაჩიძე
86 წლის ასაკში სამენოვანი მწერალი, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი და ნანტის უნივერსიტეტის პროფესორი გასტონ ბუაჩიძე გარდაიცვალა. დედით ფრანგმა და მამით ქართველმა 1958 წელს ლვოვის (უკრაიანა) სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დაამთავრა. 1960-1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი. საფრანგეთში, 1991 წელს მიიწვიეს ნანტის უნივერსიტეტიში, სადაც უცხოეთიდან ჩასულ სტუდენტებს ფრანგულ ლიტერატურაში უკითხავდა ლექციებს. იგი მრავალი წიგნის ავტორია: « მარი ბროსეს ცხოვრების ფურცლები » , ტრილოგია « ქართული ფერწერის ნაამბობი », « ფირსომანი ანუ ირმის განავარდება » , რომლის ტირაჟიც 100 000 ეგზემპლარით გაიყიდა. პარიზში ფრანგულად გამოცემული ტრილოგია « ფეხდაფეხ », « მარკიზ დე კიუსტინის მოგზაურობა რუსეთში », « ალექსანდრე დიუმას თავგადასავლები რუსეთსა და კავკასიაში », « ანდრე ჟიდთან ერთად საბჭოთა კავშირში დაბრუნება » – მისი შექმნილი ნაწარმოებები სხვადასხვა ენაზეა გამოცემული.
გასტონ ბუაჩიძის სახელს უკავშირდება ფრანგულ ენაზე « ვეფისტყაოსანის » თარგმნა და 1989 წელს გამოცემა, რაც უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენა იყო. ასევე, მან თარგმნა არაერთი ქართველი კლასიკოსის შედევრი, მათ შორის: ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამე“, ილია ჭავჭავაძის „ლექსები და პროზა“. გასტონ ბუაჩიძემ ქართველ მკითხველს მრავალი ფრანგი მწერალის შემოქმედებაც გააცნო. სადოქტორო დისერტაცია სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა თემაზე „წვლილი ფრანგულ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისთვის“. მისი კვლევების ძირითადი თემა ყოველთვის იყო ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები. ის იყო თბილისის და ნანტის დაძმობილების ინიციატორი, ასევე ნანტის ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების 1999 წლის გამოფენის ორგანიზატორი.
გასტონ ბუაჩიძე 1998 წელს იგი ბრეტანისა და ლუარისპირეთის ლიტერატურული აკადემიის წევრად აირჩიეს.