მსოფლიოში ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა ოდესის პორტზე რუსეთის იერიშის შედეგად
ხორბლის საერთაშორისო ფასები მკვეთრად გაიზარდა 25 ივლისს მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტებით განვლილი კვირის ბოლოს უკრაინის პორტ ოდესა დაიბომბა. კრემლი ამტკიცებდა, რომ დარტყმა განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე და გავლენას არ მოახდენდა მარცვლეულის ექსპორტზე.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციებიდან ნასროლი ორი "კალიბრის" კლასის შორი მოქმედების რაკეტა, რომლებიც ოდესის პორტში სატუმბი სადგურის მახლობლად დაეცა, მიზნად ისახავდა "ექსკლუზიურად" სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და "არ იყო დაკავშირებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასთან", რომელსაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მიაღწიეს. "ამან არ შეიძლება და არ უნდა იმოქმედოს მარცვლეული გადაზიდვის დაწყებაზე", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის "ფიუჩერსები" 25 ივლისს ბუშელზე (უდრის 36,4 ლიტრს) თითქმის 4 პროცენტით, 7,86 დოლარამდე გაიზარდა. უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, მაგრამ რუსეთის ქვეყანაში შეჭრამ და უკრაინის პორტების საზღვაო ბლოკადამ მარაგების მიწოდება შეწყვიტა. ამან გამოიწვია მსოფლიო სასურსათო ფასების მკვეთრი ზრდა, რის შედეგადაც ღარიბ ქვეყნებში მილიონობით ადამიანი შიმშილის რისკის ქვეშ აღმოჩნდა და იზრდება სოციალური არეულობის საფრთხე.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 23 ივლისს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, პორტში ხანძარი გაჩნდა. უკრაინულმა მხარემ რუსეთი დაადანაშაულა შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ პარასკევს სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში. თავდასხმა ოდესის პორტზე მოხდა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ, რომელშიც მეომარი მხარეები პირობას დებდნენ, რომ არ დაბომბავდნენ მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ ობიექტებს, მათ შორის ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის ნავსადგურებში.