უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებას კოლონიაზე თავდასხმის შესახებ და იწყებს ამ საქმის გამოძიებას
უკრაინა აცხადებს, რომ იწყებს გამოძიებას რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მან განახორციელა თავდასხმა დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში კოლონიაზე, - რასაც კიევი უარყოფს - რის შედეგადაც 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. ისინი დააპატიმრეს მარიუპოლში ბრძოლების დროს.
რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მტკიცებით, დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა 53 და დაიჭრა 130 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმმა" ეს "სისხლიანი პროვოკაცია" განახორციელა ამერიკული სარაკეტო სისტემის HIMARS-ის გამოყენებით.
ელენოვკაში, ტყვეობაში იმყოფებიან ძირითადად, ქალაქ მარიუპოლის დამცველი უკრაინელი მებრძოლები, მათ შორის ბატალიონ „აზოვის“ წევრები. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ კოლონიაზე დარტყმის მიზანი იყო ტყვეთა განადგურება "დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალის წასაშლელად".
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო ელენოვკაზე სარაკეტო, ან საარტილერიო შეტევა. გენერალური შტაბის მტკიცებით, საარტილერიო იერიში განახორციელა რუსულმა მხარემ, რათა დაემალა ტყვეთა წამების და დახვრეტის ფაქტები და უკრაინა დაედანაშაულებინა ომის დანაშაულის ჩადენაში. უკრაინის გენერალური შტაბი პასუხისმგებლობას აკისრებს "აგრესორ, ოკუპანტ და ტერორიზმის სპონსორ" რუსეთს.