დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამარტივებული წესით მიიღებენ სამუშაო ნებართვას
29 ივნისს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს. ცნობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დარჩიაშვილისა და სიიარტოს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა.
„მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით.