20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
დაკავებულების ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ნაწილი კი, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
მცხეთის რაიონული სასამართლო დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ხორავას ადვოკატი გიზო ლურსმანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
„მოგეხსენებათ, ის ხულიგნობის მუხლით იყო დაკავებული, შესაბამისად, ბრალდებაც იგივე წარედგინა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვე პუნქტით, რაც გულიხსმობს ხულიგნობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ის დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენება არ მიუცია და უდანაშაულოდ ცნობს თავს, ჩვენი მხრიდან დეტალური განცხადებაც და სამართლებრივი ასპექტების შეფასებაც, მას შემდეგ მოხდება, რაც შესაბამისი წესით მტკიცებულებები გადმოგვეცემა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.
რაც შეეხება პირს – დავით ჯიჯეიშვილს, რომელმაც სავარაუდოდ, მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ის სამართალდამცავებმა გუშინ, 29 ივლისს დაააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც, მცხეთის რაონული სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.