ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ ბრალი წაუყენა იმ რვა ადამიანს, რომლებიც ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. მათგან ერთ-ერთს, დავით ჯიჯეიშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ, 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.
გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალფიკაცია სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.