IAEA-ს საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურიდან
გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოსთხოვს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია, განაცხადეს დიპლომატებმა, რომლებიც ესწრებოდნენ 15 სექტემბერს ვენაში დაზხურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის და უკრაინის ნებისმიერი სხვა ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ“.
35-კაციანმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო 26 ხმით, ორი იყო მის წინააღმდეგ და შვიდმა თავი შეიკავა, განაცხადეს დიპლომატებმა და დასძინეს, რომ წინააღმდეგი იყო რუსეთი და ჩინეთი.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სადგურის სამხედრო ოკუპაცია საგრძნობლად ზრდის ბირთვული ავარიის საფრთხეს უკრაინის მოსახლეობის, მეზობელ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
რუსმა სამხედროებმა და რუსეთის სახელმწიფო ბირთვულმა კორპორაციამ Rosatom-მა უნდა შეაჩერონ ყველა საქმიანობა ატომურ სადგურზე და კონტროლი გადასცენ უკრაინის ხელისუფლებას, ნათქვამია რეზოლუციაში. IAEA-ში რუსეთის წარმომადგენლობამ პროტესტი გამოთქვა, რადგან რეზოლუციაში არ იყო ნახსენები სადგურის დაბომბვა. მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაბომბვას ახორციელებს უკრაინა, რომელსაც მხარს უჭერენ დასავლეთის ქვეყნები.
ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური რუსეთის ჯარმა დაიკავა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან მალევე. სადგურს კვლავ უკრაინელი ექსპერტები მართავენ. არაერთხელ მოხდა სადგურისთვის ცეცხლის დაშენა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამ ეტაპზე ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი გამორთულია.