politico: ნენსი პელოსი სომხეთს მიმდინარე კვირის ბოლომდე ეწვევა
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთს მიმდინარე კვირის ბოლომდე ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან დაპირისპირების ფონზე, სომხეთისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იქნება.
გამოცემა იუწყება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად უქმეებზე აპირებს ჩასვლას.
ამავე ცნობით, პელოსი ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.
ტაივანიდან დაბრუნების შემდეგ ეს იქნება ნენსი პელოსის პირველი საერთაშორისო ვიზიტი.
მომავალი მოგზაურობის შესახებ კითხვაზე, დრუ ჰამილმა, სპიკერის შტაბის უფროსის მოადგილემ აღნიშნა: „ჩვენ არ ვადასტურებთ ან უარვყოფთ საერთაშორისო მოგზაურობას წინასწარ, ხანგრძლივი უსაფრთხოების პროტოკოლების გამო“.