ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-თან გამოთხოვების ბოლო დღეს ლონდონში მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან
კვირას მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ეთხოვება დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს, რომელსაც ორშაბათს დაკრძალავენ. ბი-ბი-სის ცნობით, ამ მოვლენასთან დაკავშირებით ლონდონში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის ჩასვლას ელოდებიან.
კვირას ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებლად, ვესტმინსტერის სასახლესთან უზარმაზარი რიგებია გადაჭიმული. შენობაში მოხვედრას ადამიანები 13-14 საათის განმავლობაში ელოდებიან. სასახლის კარები ორშაბათის დილის 6,30 საათამდე ღია იქნება.
მოელიან, რომ ბრიტანეთის დედოფლის ხსოვნას დღეს პატივს მიაგებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად წინა ღამით ჩაფრინდა ლონდონში. გამომშვიდობების შემდეგ მათ დიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III მიიღებს.
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
"დედოფალი ბალმორალში მშვიდად გარდაიცვალა", - ეწერა ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
დედოფლისგარდაცვალების შემდეგ, მისი 73 წლის ვაჟიშვილი, ჩარლზი ავტომატურად გახდა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.
უინძორების (1917 წლამდე საქსე-კობურგი და გოთა) დინასტიის წარმომადგენელი, ელისაბედ ალექსანდრა მერი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.
ელისაბედ II იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
დედოფალ ელისაბედ მეორის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე არ მიუწვევიათ რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის (ყოფილი ბირმის) წარმომადგენლები. ბრიტანეთის მონარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ სამძიმრის წერილით შემოიფარგლა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები "არც აპირებდნენ მონაწილეობას" დაკრძალვის ღონისძიებებში.