რადიო თავისუფლების ბელარუსმა ჟურნალისტმა დატოვა სასჯელაღსრულების კოლონია
საპატიმროს დატოვების შემდეგ, 21 სექტემბერს, ჰრუზძილოვიჩი ლიეტუვაში ჩავიდა ცოლთან, მარიანასთან ერთად.
რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი - რომელმაც უწინ ჰრუზძილოვიჩისთვის საპატიმროს მისჯა დაგმო და "არალეგიტიმური" უწოდა - მიესალმა მის გათავისუფლებას. ჰრუზძილოვიჩი რადიო თავისუფლებისთვის 1990-იანი წლებიდან აშუქებს ადამიანის უფლებების საკითხებს.
ფლაის თქმით, ჰრუზძილოვიჩს "არამართებულად დაპატიმრებით წაართვეს დრო, რომელსაც ის თავის ოჯახთან გასატარებლად ვეღარასოდეს დაიბრუნებს". ჯეიმი ფლაიმ მადლობა გამოთქვა საერთაშორისო ჯგუფების მისამართით, მათი მხარდაჭერისთვის, თუმცა დასძინა, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ბელარუსში პატიმრობაში რჩება რადიო თავისუფლების ორი ყოფილი ჟურნალისტი.
ჰრუზძილოვიჩს პატიმრობა მარტის დასაწყისში მიუსაჯეს, იმ მასობრივ აქციაზე ყოფნის გამო, რომლითაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს - ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებას. ჰრუზძილოვიჩის თქმით, ის აქციას ჟურნალისტის რანგში აშუქებდა.
