რუსეთი აფართოებს უკრაინელების იძულებით ევაკუაციას ხერსონის რეგიონიდან
რუსეთი აფართოებს უკრაინის მოქალაქეთა იძულებით ევაკუაციას ოკუპირებული ხერსონიდან. რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება კიდევ შვიდი რაიონიდან.
სამი დღით ადრე, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რეგიონში ევაკუაციის პროცესი დასრულებული იყო.
უკრაინა კრემლის ქმედებებს ეთნიკურ წმენდას უწოდებს და გამოდის გაფრთხილებით, რომ უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში გაგზავნიან, დემოგრაფიულ კლებასთან ბრძოლის მიზნით.
სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი შესაძლოა შიშობდეს, რომ ხერსონის რეგიონში უკრაინის მოქალაქეები მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეეცდებიან უკრაინის ძალებისთვის.
უკრაინის ძალები კონტრშეტევას აწარმოებენ ქალაქ ხერსონის დასაბრუნებლად რუსეთის ძალებისგან, რომლებმაც ის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს.