წულუკიანმა საცირკო ხელოვნების კონკურსის წარდგენისას ოპოზიციის ქმედება ცირკს შეადარა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოაცხადა და ამავდროულად თქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური აქტიურობა ცირკს ემსგავსება. მისი თქმით, "ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა".
"დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა...
საქმე გვაქვს რეალურად იმასთან, რომ მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, უნდოდათ რეალურად დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია...
ეს ნამდვილად ემსგავსება მათი მხრიდან ქვეყნის ბედით თამაშს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თამაშის ხასიათზე, ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა", - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით თეა წულუკიანი.
კონკურსის ("ცირკის განვითარების ხელშეწყობა"), რომელიც მინისტრმა პოლიტიკური შეფასებით წარადგინა, ბიუჯეტია 80 000 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის მობილური საცირკო დასების, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის 12:00 საათამდე ელ. ფოსტაზე - info@culture.gov.ge ან ნაბეჭდი სახით სამინისტროს შენობაში.