ცხინვალში ორი ბავშვის დაღუპვის საქმეზე მოკვლევა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დასრულდა იმ ხანძრის მიზეზების მოკვლევა, რომელმაც ორი ბავშვი იმსხვერპლა. სამშაბათს,1 ნოემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ, აცამაზ ბესტაუტიმ, ალან გაგლოევს მოახსენა, რომ ცხინვალში, შანხაის მიკრორაიონში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. „ორი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხანძრის მესამე მსხვერპლი, 71 წლის ქალი, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა ბესტაუტიმ. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად კიდევ ორი დაშავებული ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ოკუპირებულ ცხინვალში ტრაგედია 24 ოქტომბერს დატრიალდა. კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ბავშვი დაიღუპა.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ მაშინ გავრცელებული ცნობით, „დილის 8:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დისპეტჩერმა მიიღო შეტყობინება გერცენის ქუჩის გასწვრივ, შანხაის მიკრორაიონში, კერძო ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არის ექვსი დაშავებული, მათგან ორი ბავშვი დაიღუპა“, – იუწყებოდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური.
დაშავებული 19 წლის გოგო და 41 და 70 წლის ქალები თავიდან ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. იმავე დღეს სამივე მათგანი "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.