The Wall Street Journal: საუდის არაბეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი მალე მას და ერაყს თავს დაესხმება
საუდის არაბეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანი მალე მას და ერაყს თავს დაესხმება, რათა თავისი მოსახლეობის ყურადღება თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე პროტესტებისგან გადაიტანოს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საუდის არაბეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
საუდის არაბეთმა ამერიკელებს თავისი დაზვერვის მონაცემები გაუგზავნა, რომელიც ირანის გეგმებს ადასტურებს. ქვეყანა თავდასხმას ამზადებს როგორც სამეფოზე, ასევე ერაყის ქალაქ ერბილზე.
საუდის არაბეთმა, შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე სხვა მეზობელმა ქვეყანამ გაზარდეს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ამ ინფორმაციით და მზად არიან, რომ ირანის თავდასხმას უპასუხონ.
ცნობისთვის, ირანი ერაყისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ხისტად აქამდეც მოქმედებდა. თეირანმა სექტემბერში ერაყის ჩრდილოეთზე სარაკეტო იერიშიც კი მიიტანა. პარალელურად, ირანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთთან კონფლიქტის ესკალაცია სცადა და სამეფო ანტისამთავრობო პროტესტების წაქეზებაში დაადანაშაულა.