კიევმა შეწყვიტა რუსეთის იმ მოქალაქეების ემიგრაცია, რომლებსაც არა აქვთ უკრაინასთან კავშირები
უკრაინის მიგრაციის სამსახურმა შეწყვიტა ემიგრაციასა და ცხოვრების უფლებაზე განაცხადების მიღება რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებსაც არ აქვთ ნათესაური ან შრომითი კავშირები უკრაინის ტერიტორიაზე.
მიგრაციის სამსახური ასევე აჩერებს ადრე მიღებული განაცხადების განხილვას.
უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება სამხედრო მდგომარეობის მთელი დროის განმავლობაში (უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა 24 თებერვალს იქნა შემოღებული).
გამონაკლისს წარმოადგენენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებთან არიან ნათესაურ კავშირში. ასევე შეზღუდვები არ გავრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც სამ წელზე მეტ ხანს იმსახურეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ან კანონიერად ჩავიდნენ უკრაინაში სამუშაოდ.
მათ ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართონ მიგრაციის სამსახურს საბუთების გასაახლებლად.
უკრაინის სასაზღვრო დაცვა 28 თებერვლიდან არ უშვებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს.
1 ივლისიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოიღო. ვიზის მისაღებად საჭირო სავალდებულო დოკუმენტებს შორისაა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მოწვევა უკრაინის მხრიდან.