უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 12 დასახლებულ პუნქტთან
![უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 12 დასახლებულ პუნქტთან](https://gdb.rferl.org/059c0000-0aff-0242-b1b4-08dabbd296e0_w800_h450.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა და 80-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, პოლტავის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 20 დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობით, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.
უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 21 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 11 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი, საბრძოლო მასალების 2 საწყობი და 3 სხვა სამხედრო ობიექტი.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში დროებით დაპყრობილი ტერიტორიებიდან. გენშტაბის ინფორმაციით, ევაკუაციას ექვემდებარებიან მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეები.
ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წუხელ უკრაინის ძალებმა ისევ შეუტიეს ქალაქ კახოვკას, სადაც სულ მცირე 10 აფეთქება მოხდა. უკრაინის კიდევ ერთი დროებით ოკუპირებული ოლქის - დონეცკის პრორუსული ადმინისტრაციის ცნობით, წუხელ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემების(HIMARS) გამოყენებით შეტევა განახორციელეს ქალაქ გორლოვკაზე. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება გართულებულია.