პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიტიკოსი ჰოსპიტალიზებულია
![პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიტიკოსი ჰოსპიტალიზებულია](https://gdb.rferl.org/05a80000-0aff-0242-8877-08dabcc4168d_w800_h450.jpg)
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ჰოსპიტალში მოხვდა მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს ქალაქ გუჯრანვალში თავის მომხრეებთან შეხვედრის დროს პოლიტიკოსზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ცნობით, 72 წლის პოლიტიკოსი მარჯვენა ფეხში დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იმრან ხანი დაჟინებით მოითხოვს პაკისტანში ახალი არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც იგი მიმდინარე წლის აპრილში თანამდებობიდან გადააყენეს. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში იმრან ხანმა ჩაატარა საპროტესტო მსვლელობა ლაჰორიდან ისლამაბადამდე, რომლის დროსაც პოლიტიკოსის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი გამოვიდა.
იმრან ხანი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა, პარლამენტმა 10 აპრილს, უნდობლობის გამოცხადებით გადააყენა, მას მერე, რაც კვირების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ოპოზიცია გამოვიდა ამგვარი კენჭისყრის ინიციატივით. მანამდე ხანი შეეცადა კენჭისყრის დაბლოკვას, პარლამენტის დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კენჭისყრის ჩატარების ბრძანება გასცა.
პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.