ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კიევში სამხედრო დახმარების გაგზავნას
ბულგარეთის პარლამენტმა 3 ნოემბერს ხმათა უდიდესი უმრავლესობით დაუჭირა მხარი უკრაინაში, დახმარების სახით, მძიმე შეიარაღების პარტიის გაგზავნას.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნატოს წევრ ბულგარეთის პოლიტიკურ პარტიებს შორის მრავალთვიანი დაძაბული დებატები. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, საბოლოო ჯამში კიევისათვის სამხედრო დახმარების წინადადებას მხარი დაუჭირა 175-მა ბულგარელმა კანონმდებელმა, 49 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო.
ამ გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის არმია ბულგარეთისგან მიიღებს მძიმე შეიარაღებას და სათადარიგო აღჭურვილობას.
სოფიის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ უნგრეთი რჩება ნატოს ერთადერთი ქვეყნად, რომელსაც სამხედრო დახმარება ჯერ კიდევ არ გაუწევია უკრაინისათვის რუსეთის მიერ გაჩაღებული მთელი ომის განმავლობაში.