ირანში მთავრობის ათასობით მომხრე აღნიშნავს აშშ-ის საელჩოს ოკუპაციის წლისთავს
მთავრობის ათასობით მხარდამჭერი გავიდა ირანის ქუჩებში პარასკევს, 4 ნოემბერს, 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების წლისთავის აღსანიშნავად, იტყობინება სააგენტო dpa.
თეირანში, აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობის წინ უამრავი დემონსტრანტი შეიკრიბა ქვეყანაში თვე ნახევარზე მეტი ხნის განმავალობაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ფონზე.
პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თავის გამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ იყოს თქვენი პატიმარი. და ჩვენ არასდროს ვიქნებით მეწველი ძროხა". მას არაერთხელ შეაწყვეტინეს გამოსვლა შეძახილებით "ძირს ამერიკა!"
1979 წლის 4 ნოემბერს აშშ-ის საელჩოზე სტუდენტების თავდასხმამ და შემდეგ მძევლების აყვანამ ხანგრძლივი გავლენა იქონია ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე. სტუდენტებს 52 ამერიკელი ჰყავდათ მძევლად 444 დღის განმავლობაში. მას შემდეგ შვეიცარია აშშ-ის ინტერესების შუამავლის როლს ასრულებდა თეირანში.
ირანის ქალაქებში ათიათასობით ადამიანი, ექვს კვირაზე მეტია, დემონსტრაციებს მართავს მთავრობის რეპრესიული კურსისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები, რომელთა მასშტაბი განსაკუთრებულია ისლამური რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ქვეყნის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცდად იქცა.
გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც ახალგაზრდა ირანელი ქურთი ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა პოლიციაში მას მერე, რაც ის დააკავეს თავსაფრის ტარების ისლამური წესის დარღვევისთვის. უფლებადამცველი აქტივისტების თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 280-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 14 000-ზე მეტი დააპატიმრეს.