ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა
ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა. ამის შესახებ RBC-ს შეატყობინა ძალოვან სტრუქტურებთან ახლოს მდგომმა წყარომ. „რია ნოვოსტი“ და Mash-ი ამის შესახებ იტყობინებიან თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომლებმაც ნახეს, როგორ გადაკვეთა სობჩაკმა რუსეთ-ლატვიის საზღვარი ფსკოვის ოლქში.
სობჩაკის დედამ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ლუდმილა ნარუსოვამ, და ადვოკატმა სერგეი ბადამშინმა უარი თქვეს კომენტარებზე. ადრე ნარუსოვა იტყობინებოდა, რომ მისი ქალიშვილი მალე დაბრუნდებოდა რუსეთში.
სობჩაკი რუსეთიდან ლიეტუვაში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც დააკავეს და დააპატიმრეს მისი კომერციული დირექტორი კირილ სუხანოვი. სუხანოვს გამომძალველობაში ედება ბრალი.
გაჩხრიკეს სობჩაკის სახლი ქალაქგარეთ. "ტასი" და „ბაზა“ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ქსენია სობჩაკი ამავე საქმეში ფიგურირებს ეჭვმიტანილის სტატუსით და რომ მისი დაკავება სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა.
ადვოკატი სერგეი ბადამშინი საქმის მასალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სობჩაკს არ ჰქონია და არა აქვს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სტატუსი. 28 ოქტომბერს "ტასი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუქმა დადგენილება გამოძალვის საქმესთან დაკავშირებით სობჩაკის წინააღმდეგ საქმის აღძვრის თაობაზე.
ჟურნალისტს თავის პროცესუალურ სტატუსზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ქსენია სობჩაკი ბავშვობიდან იცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. პუტინი მამამისის, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის თანაშემწე იყო.
2018 წელს ქსენია სობჩაკი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მიმართ ოპოზიციური განცხადებებით გამოდიოდა, მათ შორის აცხადებდა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია. მან ხმების 1% მოაგროვა. ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მაშინ აცხადებდა, რომ სობჩაკი კრემლის ინტერესებს იცავს. სობჩაკმა უარყო ეს.