ირანში დააპატიმრეს 26 უცხოელი, აცხადებენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ შირაზის მეჩეთზე თავდასხმასთან
ირანის დაზვერვის სააგენტო აცხადებს, რომ დააპატიმრა 26 პირი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სამხრეთ ირანის ქალაქ შირაზის მეჩეთზე თავდასხმასთან. ყველა დაპატიმრებული უცხოელია. მეჩეთის იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ".
7 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ მთავარი პირი იყო აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც თავდასხმის ხელმძღვანელობის და კოორდინირების მიზნით ირანის შიგნით მოქმედებდა.
"არცერთი დაპატიმრებული ირანელი არ არის. ისინი არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის და ავღანეთის მოქალაქეები", - წერია განცხადებაში.
26 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალური მონაცემებით დაიჭრა კიდევ სულ ცოტა 19 პირი.