ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევაზე: პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული – სადაც უსუფაშვილს აქვს 38%, ქალბატონ ლომჯარიას 38% და ბიძინა ივანიშვილს მათზე გაცილებით ნაკლები, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, IRI-ს კვლევები რეალურ სურათს არ ასახავს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კვლევებში ყველაზე მეტად პერსონალური მონაცემებია გაყალბებული.
მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები ახორციელებენ.
„NDI-ს და IRI-ს ვერავინ დასწამებს ჩვენს გულშემატკივრობას, პირიქით, მგონია, რომ ეს არ ასახავს რეალურ სურათს, თუმცა აქაც კი ვერ დამალეს მოსახლეობის განწყობები, სადაც პირველ ადგილზე ისევ „ქართული ოცნებაა“ და ნახევარზე უფრო ნაკლები აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი, წარმოიდგინეთ იმდენად აბსურდის თეატრში შევიდნენ, რომ ჩვენ ხომ იცით ერთკაციანი პარტიები, რომ გვყავს პარლამენტში, მაგათ ლიდერებს აქვთ 35% და პარტიას აქვს 1-2%. აი ამ სამუშაოებს აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები, ვინც ამ კვლევებს აკეთებენ და შესაბამისად, ხდება გაყალბება, ჩემი აზრით, და ამას გვაჩვენებს ბოლო 8 წლის არჩევნები.
პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული, რადგან პატრიარქს გაცილებით მეტი აქვს ვიდრე 82%, ისევე, როგორც კახი კალაძეს და იქ, სადაც უსუფაშვილს აქვს 38%, ქალბატონ ლომჯარიას აქვს 38% და ბიძინა ივანიშვილს მათზე გაცილებით ნაკლები, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“, – განაცხადა ზარქუამ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ გამოკითხულს (88%) პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 44 პროცენტით.
პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია მეორე – 88 %; კახა კალაძე – 51%; ირაკლი ღარიბაშვილი – 44 %; ანა დოლიძე – 40 %; სალომე ზურაბიშვილი – 38%; დავით უსუფაშვილი – 38%; ნინო ლომჯარია – 38 %; გიორგი გახარია – 37%; გიორგი ვაშაძე – 37%; ბიძინა ივანიშვილი – 36%; ირაკლი კობახიძე – 34%; ელენე ხოშტარია – 33%; მიხეილ სააკაშვილი – 33%; შალვა ნათელაშვილი – 33%; ნიკა მელია – 32%; ხატია დეკანოიძე – 31%; ალეკო ელისაშვილი- 30%; მამუკა ხაზარაძე – 29%; შალვა პაპუაშვილი – 28 %; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26 %;ბადრი ჯაფარიძე – 23%; გიგა ბოკერია – 17 %; ხათუნა სამნიძე – 15 %.