პნომპენში ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინის და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 12 ნოემბერს პნომპენში შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას. შეხვედრა ASEAN-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად განიხილა შეერთებული შტატების პირობა, დახმარება გაუწიოს კიევს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ - ჰუმანიტარული დახმარებისა და ზამთრის მომზადებისთვის დახმარების გაწევის ჩათვლით.
თანამოსაუბრეებმა დაადასტურეს მარცვლეულის ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების მნიშვნელობა მის გასვლამდე, 19 ნოემბრამდე. ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობა. სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა, რომ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო, შინაარსი და ფორმატი მთლიანად უკრაინის პრეროგატივაა.
კულებამ თავის მხრივ ბლინკენს ხერსონის განთავისუფლების შესახებ უამბო და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს კიევისთვის მოწინავე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული წარმატებების ფონზე, ბოლო კვირების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე. 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ ხურავს კარს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მაინც უპერსპექტივოდ მიიჩნევს მოლაპარაკებებს რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ვაშინგტონის "სიგნალის" შემდეგ დაიწყოს.