ბაჩო დოლიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების ელექტრონულ წესზე შევჯერდით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ 13 ნოემბერს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ფორმასა და წესზე იმსჯელეს, ჯგუფის წევრები პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე შეჯერდნენ.
მისი განმარტებით, არჩევნების ელექტრონული ფორმატით ჩატარების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ბევრ ადამიანს მიეცემა:
„სამუშაო ჯგუფი მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი საკმაოდ სწრაფად წარიმართოს, მაგრამ არა ნაჩქარევად. დღეს ყველა შევჯერდით, რომ აღნიშნული არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონული წესით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. გასაგებია, რაღაც სახის ფილტრი იქნება, რომ მანიპულაციები არ იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ღია და საჯარო იქნება. საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა წესით და რა ფორმაციით ჩატარდება არჩევნები“.
ბაჩო დოლიძის განმარტებითვე, მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებაც, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პარტიის თავმჯდომარე.
საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.
იმავე საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია".
"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 11 ნოემბერს გამოთქვა ამავე პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატად საკუთარი თავის დაყენების სურვილი გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მუმლაძემაც.